
Le Monde: საფრანგეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა
20/06/2023 19:26:37 ევროპა
საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ხაზით და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, უფრო ფრთხილ პოზიციაზე უარს ამბობს, – იუწყება Le Monde.
გამოცემის ცნობით, 12 ივნისს ელისეის სასახლეში თავდაცვის საბჭოს ბოლო სხდომაზე განიხილეს უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების შესაძლებლობა „როგორც უსაფრთხოების დამოუკიდებელი გარანტია“.
„ამას შეუძლია, შეაკავოს რუსეთი ომის გაგრძელებისგან ან კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში, აღკვეთოს შემდგომი აგრესია“, – განმარტავს Le Monde საფრანგეთის ხელისუფლების ლოგიკას.
გარდა ამისა, პარიზი მიიჩნევს, რომ მინიშნებამ უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივაზე იმავდროულად შეიძლება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნოს, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ შესაფერისი დრო დადგა.
საფრანგეთის პოზიციის ცვლილება, რომელსაც Le Monde უწოდებს "უვერტიურას", ნიშნავს, რომ ის უახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციებს, რომელთა უმეტესობა (უპირველეს ყოვლისა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები) უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების ურყევი მხარდამჭერია.
„საფრანგეთის პოზიცია ახლა უფრო ახლოს არის პოლონეთთან, ვიდრე გერმანიასთან“, - ეუბნება Le Monde–ს უცხოელი დიპლომატი ანონიმურობის პირობით.
ხოლო გერმანია და აშშ მიზანშეუწონილად მიიჩნევენ რუსეთთან ომის დასრულებამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას.