
აშშ–ის ელჩი: თუ პარლამენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს მნიშვნელოვნად დააახლოებს საქართველოს სტატუსის მიღებასთან, რაც ყველას გვსურს
21/06/2023 08:40:14 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, 12 ევრო რეკომენდაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ინსტრუქცია არსებობს და "თუ პარლამენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყნას იქ, სადაც ყველას გვინდა, რომ იყოს საქართველო, რომელიც დეკემბერში კანდიდატის პოზიტიურ სტატუსს მიიღებს". ამის შესახებ დიპლომატმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"რა თქმა უნდა, მე ვერ ვიმსჯელებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესს შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან საფუძვლიანად შეაფასებენ იმ სამუშაოს, რაც აქ გაკეთდა, რამდენად ინკლუზიური იყო ეს პროცესი ან არ იყო და შემდეგ რამდენად იქნა პროგრესი მიღწეული ამ ძალიან კონკრეტულ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები, როგორც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც იძლევა ძალიან მკაფიო და კონკრეტულ მითითებებს თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, იმის ნიშანია, თუ რამდენად ერთგულია ევროკავშირი ამ პროცესში საქართველოს წარმატებისთვის. აქ არის ძალიან მკაფიო ინსტრუქცია საჭირო ნაბიჯების შესახებ. და, თუ პარლამენტი ამ ნაბიჯებს გადადგამს, ეს კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს იქ, სადაც ყველას გვინდა, რომ იყოს საქართველო, რომელიც დეკემბერში მიიღებს კანდიდატის პოზიტიურ სტატუსს", განაცხადა ელჩმა.