Accentnews.ge
როგორ აღმოჩნდა სიღნაღელი კაცი პუტინის ომში, რომელიც დახმარებას საქართველოს სთხოვს

როგორ აღმოჩნდა სიღნაღელი კაცი პუტინის ომში, რომელიც დახმარებას საქართველოს სთხოვს

21/06/2023 10:38:37 ეს საინტერესოა

სიღნაღელი ნოდარ ბახტურიძე, რომელიც ციმბირის ციხიდან უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, საქართველოს დახმარებას და თავშესაფარს სთხოვს.

როგორც კაცი ინტერვიუში ყვება, რომელიც უკრაინულმა მედიასაშუალებამ უჩვენა ეთერში, სასჯელს რუსეთში მკვლელობისთვის უსამართლოდ იხდიდა, მიუხედავად მტკიცებულებებისა, მათ შორის, ვიდეო, ოთხი წელი უშედეგოდ იდავა სასამართლოებში და ამ ფონზე შანსად აღიქვა უკრაინაში მოხვედრის შესაძლებლობა. განიზრახა, კონტრაქტი გაეფორმებინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ამ გზით დაეღწია თავი ციხისთვის და როგორც კი უკრაინაში მოხვდებოდა, ტყვედ ჩაბარებოდა და საქართველოსთვის ეთხოვა ექსტრადაცია.

„შესაძლოა, სულელური იდეაა, მაგრამ მაინც შანსად მეჩვენა“,– ამბობს ბახტურიძე.

კაცი ამბობს, რომ არც ერთი დღე არ უბრძოლია. მან ორი კვირა დაჰყო საწვრთნელ ბაზაზე ლუგანსკში, სადაც გარე სამყაროსთან კონტაქტის არანაირი შესაძლებლობა არ იყო და როგორც კი წინა ხაზზე გადაისროლეს, მეორე დღესვე, საკუთარი ნებით ჩაბარდა ტყვედ.

ის რუსების მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უტილიზაციის პროცესი სახეზეა: წინა ხაზზე გამოჰყავთ ბრძოლის უუნარო ადამიანები, ასაკოვანები, შშმ პირები:

„გადაუჭარბებლად გეუბნებით, ჩემს ჯგუფში ორი კაცი კასტილებით იყო. 59–60 წლის ადამიანებს უშვებენ წინა ხაზზე ლაფათქებით. ისინი მიდიან და არ იციან, რა ქნან. უკან ვერ დაბრუნდებიან. გვაფრთხილებდნენ, „უკან დაბრუნება არც იფიქროთ, დაგხვრეტენო“.

ის იხსენებს, რომ ბრძოლის მიზანი არავის უთქვამს, არც საბრძოლო ამოცანა დაუსახავთ, იყო მხოლოდ პროპგანდისტული მოწოდებები და „როგორც მსხვილფეხა საქონელი, ისე გარეკეს“ ხალხი წინა ხაზზე:

„შტურმამდე შემოვიდა სამი პროპაგანდისტი. ნახევარი საათი დაკარგეს. არანაირი საბრძოლო დავალება არ გაცემულა, არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს, იყო მხოლოდ პროპაგანდა და არაფერი კონკრეტული, „წადით, წადით და უკან დახევაზე არ იფიქროთ, დაგხვრეტენო!“ სანა, წამოვიდოდი [უკრაინელებს ჩაბარდებოდა ტყვედ – რედ.], როდესაც ღამეს ვათევდით, ორი ბიჭი თავიანთებმა დახვრიტეს. ერთმა თქვა, „ვერ ამოვიცანითო“, არადა მათ პოზიციაზე იყვნენ, შეუძლებელი იყო, ვერ ამოეცნოთ. მეორემ სხვა რამ თქმა, მე კი ვფიქრობ, რომ არაფრის გამო. მანდ კონტიგენტი ასეთია, საშინელი, მოუმზადებელი. დაბოდიალობენ, როგორც პროსპექტზე“.

ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მისი სამშობლოც ანალოგიურ მდგომარეობაშია:

„სანამ წამოვიდოდი, მოვლენებს თვალს ვადევნებდი. უკრაინას ვგულშემატკივრობ. ჩემი სამშობლოც იგივე მდგომარეობაშია. რაც ახლა რუსეთში ხდება, ეს არის ფაშიზმი. უკვე 10 წელია, რუსეთში პროპაგანდას ეწევიან არა მხოლოდ მედიის საშუალებით, ყველა სამუშაო ადგილზე, სკოლაში. აპოლიტიკურ გადაცემებშიც კი პროპაგანდას ტენიან“.

ფიქრობს, რომ რუსეთში ვითარებას მხოლოდ რევოლუცა შეცვლის, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ „ძალიან თავდახრილი, მონური ფსიქოლოგიის ერია“ და არაფერი მსგავსი მოსალოდნელი არაა: „30 წელი ვცხოვრობდი იქ და ეს ვიცი. ცალკეული პროტესტები კონტროლდება და ახშობენ. ძალაუფლება ვის ხელშიცაა, ის აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის წყაროებს და მათ ხელშია ყველა ბერკეტი“.

როგორც ცნობილია, ქართველი კაცი უკრაინის უშიშროების სამსახურს ჰყავს დატყვევებული. ამ დროისთვის მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კაცმა (უცნობია, აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა) უკვე მიმართა საქართველოს საელჩოს უკრაინაში ოფიციალური განაცხადით, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობს, რომ „თუ ჩემს სამშობლოში არ გამომივა, სხვა ქვეყნებსაც მივმართავ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S