
სომხეთში აზერბაიჯანელ სამხედროს 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
22/06/2023 06:50:59 კავკასია
სომხეთის კაპანის სასამართლომ აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს ჰუსეინ ახუნდოვს თავისუფლების 20 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.
ახუნდოვი სომხეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ზანგეზურის სპილენძის ქარხნის დაცვის თანამშრომლის, 56 წლის ჰაირაპეტ მელიქსეტიანის მკვლელობაში.
აპრილის დასაწყისში ახუნდოვმა და კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა აგშინ ბაბიროვმა ნახიჩევანიდან საზღვარი გადაკვეთეს და სომხეთის სიუნიქის რეგიონში აღმოჩნდნენ. ორივე აზერბაიჯანელი ადგილობრივებმა დააკავეს.
მანამდე სასამართლომ ბაბიროვს 11,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადატანისთვის.
ახუნდოვს, გარდა მსგავსი ბრალდებისა, მკვლელობაშიც ედებოდა ბრალი.
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, 12 აპრილს ბრალდებული შევიდა შგარშიკ კაპანის კვარტალში და მოკლა სპილენძის ქარხნის დაცვის წევრი. შემდეგ სომხეთის საზღვრის გადაკვეთა და ირანში შესვლა სურდა, მელიქსეტიანს ტელეფონი მოიპარა და ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანის დაძვრა სცადა, მაგრამ გაქცევა ვერ შეძლო, ის კაპანელებმა შეამჩნიეს. ამ ხნის განმავლობაში ახუნდოვმა მოახერხა ფეისბუქში პირდაპირი ეთერის ჩართვა და თანამემამულეებთან დაიკვეხნა, „სომხების სისხლი დავღვარეთ, 4-5 ასეულ სომეხს თავი მოვკვეთეთო“.
აზერბაიჯანელმა დანაშაული სასამართლოში პირველ სასამართლო სხდომაზე აღიარა. თუმცა ოფიციალური ბაქო ამტკიცებს, რომ მისი სამხედროები უამინდობის გამო დაიკარგნენ.
მაისის ბოლოს კაპანის რაიონის სოფელ შიხაოხთან, საგუშაგოსკენ მიმავალ გზასთან ორი სომეხი სამხედრო გაიტაცეს. სამხედროებს – ჰარუტიუნ ოვაგიმიანს და კარენ ღაზარიანს სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ საკვები და წყალი. სომეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სამხედროები გაიტაცა.
უფლებადამცველების თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიიდან "ორი სამხედრო მოსამსახურე გაიტაცა, რათა ისინი შემდგომ ორ აზერბაიჯანელ მსჯავრდებულში გაეცვალა".
ამ დროისთვის ბაქოს ციხეებში 35 სომეხი სამხედრო ტყვე იმყოფება.
სომხეთის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ ორი აზერბაიჯანელის გაცვლა არ გამორიცხა. „წინასწარი გამოძიებისას ექსტრადაცია შეუძლებელია. ექსტრადირება ხდება მხოლოდ მსჯავრდებულებთან მიმართებაში ძალაში შესული სამართლებრივი აქტების პირობებში“, - განაცხადა პროკურორმა.