
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მომავალ კვირას ვაშინგტონში შედგება
22/06/2023 09:12:26 კავკასია
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვდებიან, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 22 ივნისს მთავრობის სხდომაზე.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ერევნის პოზიცია მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური დელეგაცია სწორედ ამ განწყობით მიემგზავრება შეერთებულ შტატებში.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომის ჩატარება და რომ არსებობს პრინციპული შეთანხმება ასეთი შეხვედრის გამართვაზე.
"სომხეთი მზადაა, რაც შეიძლება მალე განბლოკოს რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები მხარეთა სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ურთიერთშეთანხმების პრინციპებით“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ოთხშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ასევე განაცხადა ახლო მომავალში აშშ-ის დედაქალაქში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ.