Accentnews.ge
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა აირჩიეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა აირჩიეს

22/06/2023 14:05:23 პოლიტიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბანკის საბჭოს სხდომაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (2019 – 2022 წლებში) ნათია თურნავა აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს აქვს დაკავებული. თუმცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომლის ინიციატორებიც უმრავლესობის წევრები იყვნენ, შეიქმნა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია, რასაც წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. ორგანულ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე, თავად ეროვნული ბანკი, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ქვეყანაში IMF-ის მიმდინარე პროგრამა შეაფერხოს. აღსანიშნია, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროგრამის შეჩერების რისკების რეალურობაზე კომენტარი თავად IMF-ს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

პირველ პრესკონფერენციაზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას.

მისივე თქმით, სებ-ის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რომელსაც მარეგულირებელი კარგად ართმევდა თავს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები, რაშიც თურნავას განცხადებით, მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, დიდი როლი სებ-ის სწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეასრულა.

„ამ კუთხით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ბოლო პერიოდში ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავია, ხასიათდება დაღმასვლით. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი როგორც დამოუკიდებელი ძლიერი ინსტიტუცია, ისევ ასე გააგრძელებს საქმიანობას და ადეკვატურ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას“, - აღნიშნა თურნავამ.

2022 წლის ივნისიდან - 2029 წლის ივნისამდე თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იქნება. ის 2019-2022 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახლდათ, 2018-2019 წწ. – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2013-2018 წწ. – "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, 2006-2013 წწ. – შპს "ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი; შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2006 წწ. – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, 2005 წ. – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, 2000-2005 წწ. – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, 1998-2000 წწ. – თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,1997-2000 წწ. – სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩეველი, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.1994-1996 წწ. – წამყვანი მეცნიერი საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S