რა კონკრეტული ნაბიჯები დარჩა საქართველოს გადასადგმელი სტატუსის მოსაპოვებლად

22-06-2023 19:16:06 პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გაწეული სამუშაო შეაფასა, ისაუბრა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანას აქვს გადასადგმელი:

  • საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სისტემასთან, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები;
  • საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ასევე,საქართველომ უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით;
  • რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია.
  • რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება;
  • საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები.

ვარჰეიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეფასება და აირჩიოს სისტემური მიდგომა.

"თქვენ იცით რაც მოგეთხოვებათ, ასე რომ გააკეთეთ... გააკეთეთ, ვინაიდან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ამით ყველამ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ასე რომ ჩემი რეკომენდაცია მთავრობისთვის იქნება შემდეგი: დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში გვქონდეს სრულად შესრულების ანგარიში საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე“, - თქვა ოლივერ ვარჰეიმ.

იხილეთ ასევე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები