Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მიმართავს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მიმართავს

21/11/2019 09:27:11 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების ღია წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ერთიანი ტარიფის შემოღებას აპროტესტებს, პასუხს ავრცელებს.

სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ უწყებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების ხედვის გაზიარება.

„მიმდინარე რეფორმის დაგეგმვამდე სამინისტრომ ჩაატარა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის საფუძვლიანი ანალიზი. ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით,“ – ნათქვამია უწყების საპასუხო წერილში და სამინისტროს არგუმენტები პუნქობრივად არის ჩამოყალიბებული.

კერძოდ, სამინისტრო კომუნიკაციის სირთულეებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უწყებაში უკვე რამდენიმე თვეა, მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში უწყების მაღალი თანამდებობების პირები ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან. წერილში აღნიშნულია, რომ დარგობრივ ასოციაციებთან მომსახურების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები არ განხორციელებულა, რამდენადაც მათ კომპტენციას წარმოადგენს უშუალოდ მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ სამედიცინო საკითხებზე მუშაობა და არა ფინანსური გათვლების განხორციელება.

საპასუხო წერილის შემდეგი პუნქტი ეხება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობასა და მის შესაბამისობას სერვისების მოცულობასა და ხარისხთან.

„ახალი განფასების შექმნის პროცესში, სამინისტრომ აწარმოა აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ დაწესებულებების ფინანსურ დირექტორებთან, გამოითხოვა მათგან სრული მონაცემები ყველა სახის ხარჯის შესახებ, რათა სწორედ მათი ანალიზის საფუძველზე შედგენილიყო ახალი განფასებით გათვალისწინებული ტარიფები. აღნიშნულ პროცესში ჩაერთო 150-ზე მეტი სტაციონარული დაწესებულების ფინანსური დირექტორი, რომლებმაც ივლისი-აგვისტოს პერიოდში პორტალზე, სამინისტროს მითითების შესაბამისად წარმოადგინეს ხარჯების დეტალური აღწერილობა.

ერთიანი უნივერსალური ტარიფების ამოქმედებით, პროგრამაში მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამინისტრო აღმოფხვრის მომსახურების ღირებულებაში გაუმართლებელ განსხვავებას. ხარჯთაღრიცხვის შესწავლის პროცესში ასევე გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო ფაქტორი, მაგალითად კლინიკის მიერ სახელფასო ხარჯების მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება და რეალურად პერსონალზე გაცილებით ნაკლები თანხების გაცემის ფაქტები. ასევე მრავალჯერადი მოხმარების ნივთების ერთჯერადი მოხმარების საგნებად დაფიქსირება, რაც თავისთავად აისახა მომსახურების მაღალ ფასებში“, – ნათქვამია სამინისტროს წერილში.

წერილის თანახმად, ტარიფების დადგენისას სამინისტრომ იხელმძღვანელა საერთაშორისოდ აღიარებული ფორმულით.

დოკუმენტის მიხედვით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო განსხვავება არაპირდაპირ ხარჯებში, რომლის მაღალი წილი უმეტეს შემთხვევაში, დაუსაბუთებელია და კლინიკის მიერ უკიდურესად დაბალი დატვირთვის (პაციენტების მცირე ნაკადის) კომპენსირებას ემსახურება. სამინისტროს ახალი მიდგომით, არაპირდაპირი ხარჯის მაქსიმალური ოდენობა პირდაპირთან მიმართებაში არის არაუმეტეს 30 პროცენტისა ნოზოლოგიური კოდების შესაბამისად. განფასებისას ამოღებული და განცალკევებული იქნა ცვეთისა და საბანკო პროცენტის კომპონენტი, რომელთა დაბალანსება უნდა მოახდინონ თავად კლინიკებმა პროგრამებით მოცულ ნოზოლოგიებზე 25 პროცენტიანი  მოგების პირობებში. აღნიშნული მოგების ფარგლებში დაწესებულებები მიიღებენ მეტად არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს აპარატურისა, თუ სხვა საჭიროებების შესყიდვის პროცესში, რაც ამ დრომდე ძირითადად, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯეფექტურობის გათვალისწინების გარეშე ხორციელდებობა.

„კლინიკების ღია წერილში ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინების აუცილებლების თაობაზე მოყვანილი არგუმენტები და ფასთა შედარების ცხრილი ვალიდურად ვერ ჩაითვლება. სამედიცინო დანიშნულების საგნების ღირებულებაზე მართლაც ახდენს ზეგავლენას კურსის ცვლილება, რაც ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია დღევანდელი საბაზრო ფასებით. გარდა ამისა ფასში შეწონილია ყველა სხვა კომპონენტი (პერსონალის ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი, გაუთვალისწინებელი ხარჯი და მოგება), რასაც კლინიკები, თუნდაც ხელფასების ნაწილში, კურსის მერყეობის შესაბამისად არ აკორექტირებენ. ამაზე მეტყველებს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილება დაბალი ხელფასების გამო და მრავალ ადგილზე დასაქმების ტენდენცია, რაც ასევე საყურადღებო ფაქტორია ხარისხთან დაკავშირებული რისკების თვალსაზრისით,“ – ნათქვამია სამინისტროს წერილში.

წერილს თან ერთვის კალკულაცია, სადაც მოცემულია კვლევების, მედიკამენტების, კვების და სხვა ხარჯების ტარიფები.

ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროს ტიპური „ბიზნესის“ სახით განხილვა უდიდესი რისკია, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის ინტერესების დაცვის კუთხით.

„სამინისტროს პოზიცია მეტად ორიენტირებულია ჯანსაღი მარეგულირებელი გარემოს განვითარებასა და კლინიკებში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების აქტიურ მართვაზე, ვიდრე საბაზრო კონკურენციის ხელშეწყობაზე, რაც პაციენტისთვის სერიოზული რისკების მატარებელი შეიძლება გახდეს,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს საპასუხო წერილში.

დოკუმენტში გაზგასმულია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბიზნეს გარემო საკმაოდ ხელსაყრელი იყო და ხელი შეუწყო ბიზნეს ინტერესების საფუძველზე, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას. კლინიკების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოგების მაჩვენებელიც, რომელიც დღეს 35 პროცენტს აღწევს.

„კლინიკების წლიური მოგების მსგავსი შთამბეჭდავი ოდენობის ფონზე, ახალი ტარიფიკაცია ვერც ერთ შემთხვევაში გამოიწვევს მათ დაზარალებას და მით უმეტეს, საქმიანობის შეჩერებამდე მიყვანას. ახალი ტარიფიკაცია ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს ფასების და შესაბამისად კლინიკის მოგების კლებას. მეტიც, რიგ შემთხვევებში, ახალი ტარიფიკიცაიით დადგენილი ფასი აღემატება ძველ ფასს. მეტი კონკრეტიკისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე ნოზოლოგიაზე ძველი და ახალი ტარიფების შედარებას, რომელთა შორის სხვაობის სიმცირე ცხადყოფს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით დაწესებულებების ნეგატიური მოლოდინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია,“ – წერია წერილში.

უწყება განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც ტარიფი ყველა ნოზოლოგიურ კოდზე განისაზღვრება, შემდგომი დაუყოვნებელი ნაბიჯი იქნება სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც ხარისხის, ხარჯებისა და საწოლფონდის სწორად წარმართვის საფუძველია. სამინისტროს შეფასებით, სელექტიური კონტრაქტირება დააბალანსებს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობასა და საწოლფონდის დატვირთვაც თითქმის გაორმაგდება.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ევროპული გამოცდილების თანახმად, კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი და კლინიკებიც ძირითადად არამომგებიანი დაწესებულებების სახით არიან წარმოდგენილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია. სამინისტრო აცხადებს, რომ ჩვენს ეროვნულ ჯანდაცვაში  საწინააღმდეგო მოცემულობაა შექმნილი, რადგან დაწესებულება, ხარისხს უმეტესწილად  ფინანსურ კომპონენტს აბამს, სამედიცინო მომსახურების ხარისხს უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს ექიმის კვალიფიკაცია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები დღეიდან ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S