23-06-2023 09:26:42 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმის დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება „უცხოეთის გავლენის“ კანონის მიღებას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებით ნაბიჯს.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს განცხადებაში დადებით ნაბიჯადაა შეფასებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაც, მესამე მოსმენით არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის კანონი“ და ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
22 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს და ეს საკითხი დახურულია.