Accentnews.ge
საერთაშორისო საზოგადოება – პრეზიდენტს: "მადლობა გამბედაობისთვის"

საერთაშორისო საზოგადოება – პრეზიდენტს: "მადლობა გამბედაობისთვის"

23/06/2023 05:36:14 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპელი პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

"დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას:

"[გვარამიას] პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი" - წერს ორგანიზაცია და შეცდომად მიიჩნევს ნიკა გვარამიას პატიმრობას.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ასევე მიესალმება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ესაა გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდა საერთაშორისო საზოგადოება".

"პატივისცემა, თქვენო აღმატებულებავ!", - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალება ხელს უწყობს დემოკრატიის დაცვას საქართველოში, მაგრამ პრემიერმინისტრი და მთავრობა აგრძელებენ მის დასუსტებას", - წერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი სოცილაურ ქსელში.

"ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა. ნიკა გვარამიას პატიმრობა სამართლიანობის დაცინვა იყო", - ესე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნიკა გვარამიას შეწყალებას.

"პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) აცხადებს, რომ შეწყალების ამ აქტს მოაქვს იმედი საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით.

"მართლმსაჯულების ამ აქტს მოაქვს იმედი პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში და აძლიერებს ჟურნალისტების უფლებების დაცვის მნიშვნელობას".

საქართველოში ესტონეთის ელჩი რინა კალიურანდი აცხადებს, რომ "მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე".

ამერიკელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი წერს, რომ "შემდეგი მიხელ სააკაშვილი უნდა იყოს":

"საქართველოს ერთ-ერთი პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. შესანიშნავი სიახლეა....ახლა უნდა გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი".

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ "ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო".

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია", – წერს ევროპრალამენტარი სოციალურ ქსელში.

"სალომე ზურაბიშვილის შესანიშნავი ნაბიჯი. ახლა სააკაშვილის შეწყალებაა შემდეგი", – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში.

"გუშინ გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი. დღეს უნდა გავიმეორო რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას ჯანმრთელობისთვის საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება", – წერს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ გვარამიას შეწყალება არის ერთი ნაბიჯით ახლოს მისვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობასთან, მაგრამ დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას ის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი”,– წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S