
დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციის შემცირებისკენ
23/06/2023 07:14:22 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
"აშშ მიესალმება ამ შეწყალებას. ეს საქმე თავიდანვე იყო პრობლემატური. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ და საზოგადოების გახლეჩილობის შემცირებისკენ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.