
ესტონეთი რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
24/06/2023 11:31:34 ევროპა
რუსეთში მიმდინარე მოვლენების პასუხად, ესტონეთი რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს,– განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა კაია კალასმა და იქვე აღნიშნა, რომ ესტონეთს „პირდაპირი საფრთხე“ არ ემუქრება.
„ესტონეთის ყურადღებით აკვირდება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას არანაირი პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს არ გაემგზავრონ რუსეთის არც ერთ ნაწილში“, - განაცხადა კალასმა.
23 ივნისს ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულად აღიარებულმა „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.