
ლაზარე გრიგორიადისის მიმართ "პატივისა და ღირსების შემლახველ" განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართეს
26/06/2023 09:48:33 სამართალი
მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ "პატივისა და ღირსების შემლახველ" განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს იცავს.
"დღეს "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამართა პრესკონფერენცია ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" წარმოადგენს მოსარჩელე ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს, რომელიც სამოქალაქო სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვს, მის შესახებ საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელების გამო, დაეკისროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ", – აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.