
თბილისის მერი შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა
21/11/2019 13:53:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისისთვის შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა.
"დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა", — აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის: თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებში 2.8 მლნ ლარს დახარჯავს.
სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ მერია კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში 1 250 000 ლარს გადაუხდის, 4 55 000 ლარს – სხვა განათებებსა და ნათურებში, ხოლო ნაძვის ხეში – 305 000 ევროს (დღევანდელი კურსით დაახლოებით 998 000 ლარი).
IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.