
ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს
26/06/2023 12:21:54 სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალს აღიარებს. ამის შესახებ დარეჯან ბუცხრიკიძემ ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სერგო შუბითიძე "აღიარებს და ინანიებს" საკუთარ დანაშაულს.
"მინდა, ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი. პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი... ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია", - განმარტავს ადვოკატი.
ჟურნალისტის კითხვაზე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე ზეწოლაზე ხომ არ უთხრა, ადვოკატი აღნიშნავს: "არავითარი".
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს.