
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
26/06/2023 12:38:54 თავდაცვა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა კომიტეტს, რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ტექნიკური შეთანხმების დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლანა ცანავამ წარუდგინა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს საშუალება მიეცემათ, განთავსდნენ საბერძნეთის საზღვაო ძალების იმ ხომალდებზე, რომლებიც ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ მიიღებენ მონაწილეობას.
ოპერაციის მთავარ მიზანს ზღვაზე ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, საქართველო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა დეპუტატებს მეორე მოსმენით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და იგი უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილების განხორციელებას, რასაც სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყოფის შემდეგ, კანონის გარდამავალი დებულების თანახმად, ისედაც ახორციელებდა.
თენგიზ შარმანაშვილმა ასევე მეორე მოსმენით „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.
სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.