
სუნაკი – პრიგოჟინის ამბოხზე: "ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ"
26/06/2023 14:26:39 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების ამბოხის გამო, დიდი ბრიტანეთი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.
"ჯერ ძალიან ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, თუმცა ჩვენ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ", - განაცხადა რიში სუნაკმა და დასძინა, "ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ჩვენ გარკვეული პერიოდი ვაანალიზებთ და თვალს ვადევნებთ, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე „ვაგნერის“ ჯგუფის და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის პოტენციურ მადესტაბილიზებელ გავლენას".
23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.