
ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა
26/06/2023 17:35:04 სამართალი
გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისად, მოსამართლე ნანა შამათავამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
თავად ბრალდებულამ პროცესზე თქვა, რომ მიმალვას არ აპირებს.
ყოფილი გამომძიებლის დაკავების შესახებ 25 ივნისს გახდა ცნობილი. მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. საქმე ეხება ყოფილი გამომძიებლის ინტერვიუს, რომელიც "ფორმულას" ეთერში გავიდა. მან თქვა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა: მათ შორის, ცხედრის მდგომარეობა, ლუქახსნილი და გასუფთავებული ტელეფონი.
ამ ინტერვიუს შემდეგ თბილისის პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
26 ივნისს, დღის მეორე ნახევარში დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს. იგივე გაიმეორა პროკურორმაც. რაც შეეხება მოტივს, პროკურორის თქმით, ბრალდებული არ საუბრობს და განაცხადა, რომ მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრებს.
ბაჩალეიშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ყოფილ გამომძიებელზე ზეწოლა განხორციელდა.
საქმეზე მორიგი წინა სასართლო სხდომა 17 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.