
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა
27/06/2023 09:26:10 სამართალი
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.
ბრალდების მხარე დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა, ვინაიდან პროკურორების თქმით, გრიგორიადისის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.
აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, გრიგორიადისი გამოძიებას არ მიმალვია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა.
სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქოს სასამარლოს ეზოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერი აქცია იმართებოდა.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.
ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.