Accentnews.ge
გაერო: რუსებმა 70-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი დასაჯეს სიკვდილით

გაერო: რუსებმა 70-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი დასაჯეს სიკვდილით

27/06/2023 11:32:34 ევროპა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დაკავებული 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს,– ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, სახელწოდებით „მოქალაქეების დაკავება უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის კონტექსტში“.

ანგარიშის ავტორების თქმით, საუბარია 72 კაცსა და ხუთ ქალზე. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე, კიდევ ერთი დაკავებული გარდაიცვალა „წამების, პატიმრობის არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად“.

მთლიანობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ შეძლო, დაედასტურებინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე 800-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინამაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავებით, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით.

ანგარიშის მომზადების დროს გაეროს ექსპერტებმა გამოკითხეს ათასზე მეტი ადამიანი, დაკავებულები, მათი ახლობლები, ადვოკატები, უფლებადამცველები და ოფიციალური პირები. ინტერვიუების დროს მიღებული ინფორმაცია გადამოწმდა და დადასტურდა ადგილზე დაკვირვებით, დოკუმენტებითა და ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით.

რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაეროს მოხსენებაზე.

მარტში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეგულარულ მოხსენებაში რუსული შემოჭრის დროს დააფიქსირა თითქმის 6000 მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. მათგან 1600-ზე მეტი მოკლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S