პრეზიდენტი: ამ “რბილ ომში,” რომელიც რუსეთთან გვაქვს, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა
28/06/2023 19:50:33 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველის ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატო–სთან საქართველოს ახლო კავშირი აქვს, მაგრამ ევროკავშირი ამჟამად გადამწყვეტ მომენტშია:
“ვფიქრობ ევროკავშირში მოხვედრის დიდი შანსები გვაქვს და ევროკავშირისა და ნატოს გზები ძალიან პარალელურია, საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობებში, აქტიურად იყო ნატო-ს მისიების წევრი ერაყსა და ავღანეთში, ჰქონდა ნატო-ს წვრთნები ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვქონდა. ასე, რომ ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლოდ ჩანს, რადგან უკრაინამ ფაქტობრივად დააჩქარა "ასოცირებული ტრიოსთვის" და ალბათ, სხვებისთვისაც (ბალკანეთისთვის) ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა. რაც შეეხება ნატო-ს, ყველამ ვიცით, რომ შემდეგ სამიტზე ცენტრალური თემა უკრაინა იქნება, იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის (არ ვიცი, რა ტიპის) და ეს ნორმალურია. ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს იმსახურებს და არანაირი ფორმის შეჯიბრი არ არსებობს – უკრაინის ნებისმიერი წინსვლა ნამდვილად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. მაგრამ ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია. საქართველოს სჭირდება წლის ბოლო კანდიდატის სტატუსის მიღება. პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ “რბილ ომში,” რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა",– თქვა პრეზიდენტმა და შეაჯამა, რომ "ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს".
მაგრამ პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ "ეს პირობები შეიძლება, დარჩეს, შეიძლება, დაემატოს – ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება, სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა”.


