Accentnews.ge
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში აქცია-პერფორმანსი გამართეს

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში აქცია-პერფორმანსი გამართეს

29/06/2023 08:26:06 პოლიტიკა

პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს ლელა ჯანაშვილს უსმენდნენ.

მას შემდეგ, რაც საპროტესტო შინაარსის წარწერიან მაისურებში გამოწყობილი პერფორმანსის მონაწილეები ფეხზე წამოდგნენ, სხდომის წამყვანმა - "ოცნებელმა" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და შესვენება გამოაცხადა.

"საკმარისია, ახლა შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი! თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით! სხდომა განახლდება, როცა კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - მიმართა მან პროტესტანტებს.

პროტესტის მონაწილეების მაისურებზე ეწერა "ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია", "არა ცენზურას", "კულტურა გადავარჩინოთ", "დამოუკიდებლობა კულტურას", "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "თავისუფლება მუზეუმს", "ქართული კინო საფრთხეშია".

პერფორმანსის მონაწილე რეჟისორი პაატა ციკოლია მედიასთან განმარტავს, რომ მათი მიზანი პარლამენტის წევრებისთვის სათქმელის მიწვდენა იყო:

"გვინდა, ხმა მივაწვდინოთ პარლამენტის წევრებს, ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, განსაკუთრებით - კულტურის კომიტეტს და ვუთხრათ, რომ დღეს ქართული კინო საფრთხეშია, საერთოდ კულტურა არის საფრთხეში".

როგორც ცნობილია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები გააუქმა. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუქ-პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი - პროპაგანდისტული მედიასაშულება "პოსტ ტვ"-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S