პაპუაშვილი – ცემის ფაქტებზე: ვერბალური ძალადობით იწყება, აგრესია გროვდება და შემდეგ ფიზიკურ ძალადობაში გადადის
29/06/2023 11:21:58 პოლიტიკა
დიდი ხანია, ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ხდება ძალადობის წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელ მიშა მშვილდაძის, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის მიმართ ძალადობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შემთხვევითია თუ არა ბოლო პერიოდში ოპოზიციურად განწყობილ პირებზე ძალადობა და ამის უკან დგას თუ არა ხელისუფლება? პაპუაშვილმა შემდეგი განაცხადა: "ეს შემთხვევითი არაა და სამწუხაროდ, ხდება ძალადობის წაქეზება".
"არაერთხელ მითქვამს, ძალადობა იწვევს ძალადობას, საქმეც ეს არის, რომ ყოველგვარ ძალადობას, მის წახალისებას, კულტივირებას, იმ საუბარს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. სწორედ ამით იწყება, ვერბალური ძალადობით იწყება, ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში, არამხოლოდ წახალისება, დაფინანსება ხდება ძალადობის იდეის. ჩვენ ვნახეთ გირჩი - მეტი თავისუფლების შემთხვევაში, სემინარებზე როგორ საუბრობენ ძალადობით რევოლუციაზე, იარაღის აწყობაზე, ეს ფინანსდება მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
27 ივნისს თბილისში მიშა მშვილდაძეს დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი პირი ძალადობის მუხლით დააკავა. იმავე დღეს საცხოვრებელ სახლთან სცემეს "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს. მის საქმეზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერ–ჯერობით დაკავებული არავინაა.


