
21 მაისს დაკავებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა
29/06/2023 12:28:38 სამართალი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავასა და პარტიის კიდევ ერთი წევრის გიორგი ლომიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.
საქმე ეხება 21 მაისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფარულავა და ლომიძე საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით განყოფილებასთან მივიდნენ.
დღევანდელ პროცესზე საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლები ვასილ ბიკაშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი მივიდნენ, რომლებმაც მტკიცებულებად სამხრე კამერიდან ამოღებული ჩანაწერი წარადგინეს, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
პარტია "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებდა, რომ ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის დაკავების მიზეზი სიმღერის, „მიშა მაგარია“, ჩართვა გახდა.
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
ამ დღეს განვითარებული მოვლენებისას ჯამში 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 24-საათის შემდეგ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აიყვანეს.