
პროკურატურა: კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა, ბრალდება წარუდგინეს
29/06/2023 13:27:10 სამართალი
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა, ბრალდება წარუდგინეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.