
სასამართლომ ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქალის გარეგნობაზე სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია
29/06/2023 15:08:01 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქუჩაში მდგარი ქალის გარეგნობაზე სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია.
სასამართლო ამ საქმეზე განიხილავდა სოფო გოგსაძის საჩივარს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ითხოვდა იმ ტაქსის მძღოლის ცნობას, ვინც 2 ივნისს ბარნოვის ქუჩაზე მის სიახლოვეს მოძრაობა შეანელა და უთხრა "რა არის რამხელა ბაყვები გაქვსო".
როგორც სოფო გოგსაძემ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, მძღოლი შუა ხნის კაცი იყო და სასამართლო პროცესზე შეეცადა ამ ფაქტის უარყოფას. მან პროცესზე თქვა, რომ ამ დღეს, დილის საათებში, მოძრაობა გადატვირთულია, ბარნოვის ქუჩაზე საცობებია და მოძრაობის შენელებას ვერ შეძლებდა.
"მანქანის ნომრის ჩაწერა მოვასწარი და მეგობრის რჩევით განვაცხადე პოლიციაში. ამ დროის განმავლობაში იყო რამოდენიმეჯერ მისვლა პოლიციაში, ოქმების შედგენა და ასე შემდეგ. ამ კვირის დასაწყისში დამირეკეს რომ სასამართლო ჩაინიშნაო დღეს, 29 ივნისს. გამოვცხადდი მეც და ისიც. ჩვენების მიცემისას მკითხეს ყველაფერი, თუ მახსოვდა რა ეცვა მძღოლს რა მეცვა მე და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე კაბა მეცვა რაც იმ დღეს, და ეს ვახსენე კიდევაც. როცა მოვრჩი და კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა ბატონს, იცით რა ქნა? "მანახე ერთი რა კაბა გაცვიაო" წამოდგა და კაბის ზომის და სიგრძის შემოწმება დამიწყო...... ამის განსჯა ეს რას ნიშნავს თქვენთვის მომინდია", აცხადებს სოფო გოგსაძე.
სასამართლომ ტაქსის მძღოლი სამართალდამრღვევად სცნო ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პრიმა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს "საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს". ეს სამართალდარღვევა 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება.