Accentnews.ge
პროტესტმა მაჟორიტარულ ოლქებში გადაინაცვლა: "მატყუარებს ყველგან დისკომფორტი ექნებათ!"

პროტესტმა მაჟორიტარულ ოლქებში გადაინაცვლა: "მატყუარებს ყველგან დისკომფორტი ექნებათ!"

22/11/2019 07:25:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დღეს საპროტესტო მუხტმა მაჟორიტარულ ოლქებში გადაინაცვლა. „ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“.

„ევროპულ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სურდათ ოფისების „დაბოქლომება“. ეს არის პროტესტი ჩვენი მხრიდან. მიხეილ ყაველაშვილმა აქ დაგვახვედრა თავისი „ზონდერები“. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. პოლიცია, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს მოქალაქეების უსაფრთხოებას, აქციეს კარების დარაჯად. ეს შეურაცხმყოფელია. ჩვენ არანაირ დაპირისპირებაში არ შევდივართ. როდემდე იდგებიან თავიანთ კარებებთან, წავლენ თუ არა, ჩვენ მაინც მოვალთ და „დავაბოქლომებთ“, - განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

ხმაური იყო კასპში, ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროა განთავსებული, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შენობის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

„ეს იყო მშვიდობიანი აქცია. ჩვენ ვაპროტესტებთ პარლამენტის დეპუტატების იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს. ვგეგმავდით კარის სახელურზე ბოქლომის დადებას, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა, თუმცა, შენობასთან დაგვახვედრეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სამართალდამცავები და არ მოგვცეს საშუალება, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა“, - განაცხადა კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა.

აქციები გაიმართა ხაშურსა და ქარელშიც, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების - სიმონ ნოზაძისა და გიორგი თოთლაძის ბიუროებთან. ასევე ხმაური იყო რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროსთან: "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ბოქლომი მიიტანეს და შესასვლელ კარზე დადებას ცდილობდნენ. ოფისთან შეკრებილმა მხეიძის მხარდამჭერებმა, მათ ამის საშუალება არ მისცეს, რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის დროს ოფისში იმყოფებოდა თავად მაჟორიტარი დეპუტატი.

ამჟამად ხმაურია მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქში. დემონსტრანტები მისი ოფისის "დაბოქლომებას" ცდილობენ. ადგილზე დილიდან არის მობილიზებული პოლიცია.

"მატყუარებს ყველგან დისკომფორტი ექნებათ! მატყუარებთან დგომა სირცხვილია! "ყველგან დაიდება ბოქლომი",– განაცხადა სერგო რატიანმა.

ხმაურია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთანაც. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუროს შესასვლელ კარზე ბოქლომის დადებას აპირებენ, თუმცა ამის საშუალება მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე დააბოქლომეს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მთავრობის კანცელარია.


 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S