ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება: ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის
30/06/2023 06:03:41 პოლიტიკა
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, სამიტის პირველი დღე უკრაინაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ერთობლივი განცხადების მიღებით დაასრულეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
"ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებს. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში", – ნათქვამია დოკუმენტში.
სამიტის მონაწილეები საუბრობენ უკრაინისა და მოლდოვას პროგრესის შესახებ. ეს ევროკავშირის ლიდერების პირველი შეხვედრაა ბრიუსელში მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ რეფორმების პროგრესზე ზეპირი მოხსენება წარადგინა.


