
უკრაინელების 78%-ს ჰყავს ნათესავი, რომელიც ომში დაიღუპა ან დაიჭრა
30/06/2023 06:26:55 ევროპა
უკრაინის მოქალაქეების 78%-ს ჰყავს ნათესავი ან მეგობარი, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ რუსეთის შეჭრის შედეგად. ასეთია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63%-ს ჰყავს გარდაცვლილი ერთი ახლო ნათესავი ან მეგობარი მაინც. აღნიშნულია, რომ საშუალოდ, რესპონდენტები ახლოს იცნობენ სულ მცირე სამ ადამიანს, რომლებიც ომიდან არ დაბრუნებულან და რომ რესპონდენტთა პასუხები დაახლოებით ერთნაირია უკრაინის ყველა რეგიონში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.
გამოკითხვა ჩატარდა 26 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში სატელეფონო ინტერვიუებით მობილური ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. სოციოლოგებმა გამოკითხეს 18 წელზე უფროსი ასაკის 2,13 რესპონდენტი. კვლევა არ მოიცავდა ყირიმის, სევასტოპოლის და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებს - ანუ ტერიტორიებს, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება 2022 წლის 24 თებერვლამდე არ აკონტროლებდა. ასევე არ გამოკითხულან მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდნენ.
გაეროს მონაცემებით, გასული წლის თებერვლის ბოლოდან უკრაინაში 9000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თითქმის 16000 კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა. ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუბარია მხოლოდ დოკუმენტურ შემთხვევებზე და დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.