
საფრანგეთში მასობრივი არეულობა გრძელდება
30/06/2023 07:52:30 ევროპა
საფრანგეთში მასობრივი პროტესტი და არეულობა გრძელდება. მთავრობამ 40 000-მდე გაზარდა პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობით გამოწვეული დაძაბულობის გამო მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა.
მედიის ცნობით, გასულ ღამით დააკავეს კიდევ 255 პირი. დაკავებულთა საერთო რიცხვი 600-ს აჭარბებს.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პოლიციელმა მოკლა წარმოშობით ალჟირელი – 17 წლის ნაელი, რომელიც ავტომობილს მართავდა და არ დაემორჩილა მოთხოვნას გაჩერების შესახებ. მას საპატრულო ეკიპაჟი პარიზის გარეუბან ნანტერში დაედევნა.
პოლიციელი, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი იყო არა ბიჭის მკვლელობა, არამედ შეჩერება და ქუჩაში შექმნილი საფრთხის აღკვეთა.
საპროტესტო აქციები მასობრივ არეულობასა და სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა. პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზაში, ლილსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებები გრძელდება. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები საფრანგეთის პოლიციას ძალადობასა და რასიზმში ადანაშაულებენ. სამი დღის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაწვეს ასეულობით ავტომანქანა, აალებადი სითხის შემცველ საგნებს ესროდნენ პოლიციის ოფისებს, ბანკებს და სხვა შენობებს. დალეწილია და გაძარცვულია მაღაზიები. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.