"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ"
30/06/2023 08:24:31 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იმ ინვესტორის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი გამოხატა.
ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
„ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ამ საკითხების დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მინდა გითხრათ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად, პარალელურად გავაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას
იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით“, - განაცხადა პრემიერმა.


