არასამთავრობოები ნინო წილოსანს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ
30/06/2023 08:49:39 პოლიტიკა
23 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც, მათი თქმით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო წილოსანი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და „ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას“, ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, ნინო წილოსანი უპირატესობას პარტიულ ინტერესებს ანიჭებს.
განცხადების ავტორებს არგუმენტად რამდენიმე ფაქტი მოჰყავთ:
- ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა. (და ეს მაშინ, როცა სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროების ჩადენა.
- ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”.
- ნინო წილოსანმა მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.
- 2023 წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, როცა თქვა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ პოზიციაზე უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც საქმით მოემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს.
განცხადებას ხელს აწერენ:
ქალთა მოძრაობაქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG),ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო,ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა),თბილისი პრაიდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), თანასწორობის მოძრაობაქალთა ფონდი საქართველოში, ქალები საქართველოდან, საფარი, რაჭის სათემო ორგანიზაცია, ახალგაზრდა ფემინისტები, GrlzWave, ფემინაღია სივრცე კავკასია, ქალი და განვითარება, ფემინისტური ინიციატივების ფონდი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სასამართლოს გუშაგი, წამების მსხვერპლთა ფსიქო, სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უფლებები საქართველო.
მოგვიანებით მათ წილოსანმა უპასუხა. დეპუტატის თქმით, რიგი არასამთავრობოები“ ამას ითხოვენ მაშინ, როცა „ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა“
„ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.


