საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაფართოებას გეგმავს
30/06/2023 08:49:59 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი, თუ სესხის აღების მომენტში მას ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი. ამ პროგრამის მოდიფიცირებაა დაგეგმილი. გვინდა, გავაფართოოთ და უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამით დღემდე 4700-მა ოჯახმა ისარგებლა, რომელზეც 500 მილიონ ლარზე მეტი სესხი გაიცა.
„დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4700-სს. ბენეფიციარებს ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდა და ჩვენ დავუსუბსიდირეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


