"ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ ისე, როგორც მათ გააჩინეს, მათი კამპანია იყო მაპ–ს რომ მივიღებთ, სამოთხე გავხდებითო და მივიღეთ უბედურება"
30/06/2023 13:50:59 პოლიტიკა
"სიმშვიდე და გონიერება გვჭირდება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებს ვილნიუსში 11–12 ივლისისთვის დაგეგმილი ნატო–ს სამიტის მოლოდინების შესახებ.
მისი თქმით, საქართველოს ამოცანაა, "ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, სათანადოდ აღიარებული, შეფასებული და დაფასებულიც იყოს".
"ნატო–ს სამიტზე საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ, ჩვენი ამოცანაა, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, სათანადოდ აღიარებული, შეფასებული და დაფასებულიც იყოს. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ ისე, როგორც მათ [ენმ–ის ხელისუფლება] გააჩინეს, გახსოვთ ალბათ, მაპ–ის [ წევრობის სამოქმედო გეგმა] თაობაზე მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპ–ს რომ მივიღებთ, სამოთხე გავხდებითო და მივიღეთ უბედურება, ვერც მაპ–ი ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს მათი უგუნური პოლიტიკის გამო; ვერ აირიდეს თავიდან ეს დიდი პროვოკაცია . ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტისა და სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ ნატო–ს გენმდივნისა და სხვა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯები. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ. სიმშვიდე და გონიერება გვჭირდება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", – განაცხადა პრემიერმა.


