"აშშ-ის საელჩომ "ოცნების" სამ დეპუტატს 29 ივნისის წვეულებაზე მისვლისგან თავის შეკავება სთხოვა"
30/06/2023 14:04:53 პოლიტიკა
"აშშ-ის საელჩომ "ოცნების" სამ დეპუტატს 29 ივნისის წვეულებაზე მისვლისგან თავის შეკავება სთხოვა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დეპუტატებს, რომელთაც ჯერ მოსაწვევი მიიღეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ღონისძიებაზე არ მისულიყვნენ.
„პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი მაღალი თანამდებობის პირია, არცერთი მივედით, ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა - ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი, შემდეგ კი უთხრეს, რომ ჯობდა, არ მისულიყო. მე არ დავაკონკრეტებ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ჩვენი მხრიდან ვალდებულება იყო, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა. ეს არის და ეს. პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ, როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო უხეში შეცდომების დაშვება ხდება, რეაგირება გვჭირდება. მომავალ წელს რომ გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს, ასეთი უხეში შეცდომა იყო და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ჰქონდა. დეპუტატები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან მისული არ იყო სოლიდარობის ნიშნად. გვქონდა კონსულტაცია და დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, აქედან გამომდინარე, საელჩოში დეპუტატების მისვლა ამის გამოხატულება იყო“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე არც ადასტურებს და არც უარყოფს, არიან თუ არა ესენი ის დეპუტატები, რომლებიც შარშან აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ჩხუბში მონაწილეობდენ.
კერძოდ, შარშან აშშ-ის საელჩოს მიღებაზე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებდა ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
გუშინ, 29 ივნისს ამერიკის საელჩოში აშშ-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


