
კანდელაკი – თალაკვაძეს: "ბატონო არჩილ, შემთხვევით, წუხელ სტამბოლიდან ჩემთან და წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით?"
22/11/2019 10:20:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელიც მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშ ადააშაულებს, კითხვით მიმართავს.
"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა, მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ",– წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს „უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტი“ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს.
მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი დილიდან „როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს" .
„როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული.
რაც შეეხება ვის ვიცნობ და ვის არა, „ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ შესათანხმებელი არც ერთ ჩვენგანს არ აქვს, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენს პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ, სად წავალთ და სად მოვალთ, მაგრამ მე მაინც, დღეს ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხები გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ თალაკვაძე დედაქალაქის მერ და რიგ დეპუტატებთან ერთად ქართველი ბიზნესმენის დაბადების დღეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია, კომოს ტბაზე აღნიშნავდა.