
უკრაინა ბელარუსის მიმართულებას აძლიერებს
30/06/2023 15:10:26 ევროპა
30 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე სამხედროებს დაავალა, „გააძლიერონ ჩრდილოეთის მიმართულება“ „ვაგნერელების" ბელარუსში გადაადგილების გამო.
შეხვედრაზე ანგარიშით წარდგნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრე სირსკი, ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ძალების ჯგუფის მეთაურმი ალექსანდრე ტარნავსკი და გაერთიანებული ძალების სარდალი სერგეი ნაევი.
„საუბარი ეხებოდა ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას, წინსვლას, ასევე ჩვენი ოპერაციების დამატებითი საარტილერიო სისტემებით და ჭურვებით გაძლიერებას“, - დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.
მონაწილეებმა მოისმინეს დაზვერვის მთავარი სამმართველოს, საგარეო დაზვერვის სამსახურის, უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მოხსენება ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ, რომელიც, უკრაინის ლიდერის თქმით, „მუდმივი კონტროლის ქვეშაა“.
„შტაბის გადაწყვეტილებით, მთავარსარდალმა ზალუჟნიმ და სარდალმა სევერ ნაევიმ უნდა განახორციელონ მთელი რიგი ღონისძიებები ამ მიმართულების გასაძლიერებლად“, - შეაჯამა ზელენსკიმ.
მანამდე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდას" განუცხადა, რომ რუსეთში აჯანყების შედეგად, "ვაგნერის" დაქირავებულები აღარ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ჯანყის მონაწილე "ვაგნერელებს" შესთავაზა, გადავიდნენ ბელარუსში ან კონტრაქტები გააფორმონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, მედია წერს, რომ ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში "ვაგნერისთვის" ბანაკს ამზადებენ. ის 8 000 კაცზეა გათვლილი.