სამნიძე – პრემიერს: ჩვენი შვილებისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, ხოლო საკუთარისთვის – საუკეთესო განათლება აშშ-ში
30/06/2023 16:25:00 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე გამოეხმაურა და მთავრობის მეთაური ფარისევლობაში დაადანაშაულა.
„მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა.
რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს! თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ.


