გოცირიძე – ღარიბაშვილს: დილით რომ გაიღვიძებთ, პინოქიოს ფორმაში აღმოჩნდებით
30/06/2023 17:45:40 პოლიტიკა
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოყვანილ სტატისტიკას სიცრუე უწოდა და მთავრობის მეთაურს დაუანონსა, "დილით რომ გამოიღვიძებთ, პინოქიოს ფორმაში აღმოჩნდებითო".
დეპუტატმა ყურადღება დასაქმების შესახებ პრემიერ–მინისტრის მიერ ნახსენებ სტატისტიკაზე გაამახვილა.
„პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 66 ათასით გაიზარდა. არის თუ არა ეს სწორი? კი, სწორია, მაგრამ თუ ჩვენი 50 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაშინ, როგორ გაიზარდა დასაქმება?",– იკითხა დეპუტატმა და თავადვე უპასუხა, "დასაქმება გაიზარდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების, ასევე, მცირე რაოდენობით უკრაინისა და ბელარუსიის მოქალაქეების შემოსვლით".
"ბატონო ირაკლი, ამერიკელი მეცნიერები: დოქტორი ალან ჰირში და პროფესორი ჩარლზ ვულფი მივიდნენ დასკვნამდე, რომ როცა ადამიანი ტყუის, მისი ცხვირი იზრდება. ასე, რომ პინოქიოს ამბავი არ ყოფილა გამოგონილი“, - დასძინა გოცირიძემ.


