მანჯგალაძე: რუსული საქმე არაა, როდესაც პარტნიორებზე ამბობთ, რომ საქართველოში სიძულვილის გაღვივება უნდათ?!
30/06/2023 17:54:14 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, პრემიერ–მინისტრმა თავისი ხანგრძლივი გამოსვლიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი დაუთმო ქვეყნის განვითარებაზე საუბარს, ხოლო დანარჩენი დრო ოპოზიციის სალანძღავად გამოიყენა.
მისი თქმით, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობის წახალისებით იყო დაკავებული, კასპში ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმა ხორციელდებოდა, მათ შორის, საჯარო მოხელეების ჩართულობით.
„20 წუთი ილაპარაკა საქართველოს განვითარებაზე, გაკეთებულ საქმეებზე, დანარჩენი ოთხსაათ ნახევარი ოპონენტებს ლანძღავდა. როცა ღარიბაშვილი აქ გამოდიოდა ამ სიძულვილის რიტორიკით და უმრავლესობის წევრები ტაშის კვრით – ძალადობის წახალისებით იყავით დაკავებული, კასპში ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და არა რიგითი მოქალაქეები, არამედ კასპის საკრებულოს წევრები",– თქვა დეპუტატმა და დასძინა, "ვინც ძალადობას, ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის და არ გირჩევთ, არ არის ეს ის სტანდარტი, რაც საქართველოს სჭირდება".
ამასთან, მან დასავლელი პარტნიორების მისამართით მმართველი გუნდის წევრების რიტორიკაზე გაამახვილა ყურადღება და იკითხა, „რუსობა არ არის, როდესაც დასავლელ პარტნიორებზე, დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ამბობთ, რომ საქართველოში სიძულვილის გაღვივება უნდათ? ეს არ არის რუსული საქმე?“.


