"12 რეკომენდაციისა თუ პირობის შესრულება უპირველესად თავად ჩვენ გვჭირდება, ეს ჩვენთვის - საქართველოსთვის უნდა გავაკეთოთ"
01/07/2023 14:39:52 პოლიტიკა
"12 რეკომენდაციისა თუ პირობის შესრულება უპირველესად თავად ჩვენ გვჭირდება, ეს ჩვენთვის - საქართველოსთვის უნდა გავაკეთოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
" მთელი ეს პერიოდი, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთი ყველაფერში ცდება. მისი ყველა ნაბიჯი მცდარია. ადამიანის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე, რომ ყველაფერი უკუღმა მიდის. რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება. შეიძლება ჩვენმა მთავრობამ ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა გაიგო, რომ აქ არის Soft Power თამაში და არ აქვთ მათ სურვილი, რომ ხელში მისცენ ასეთი გამარჯვება იმ დროს, როდესაც უკრაინა თავის ფრონტზე იმარჯვებს. ამიტომ, მგონია, რომ რეალური შანსი არსებობს. თუმცა ჩვენც უნდა მივცეთ ხელში რამე, რომ ეს შეძლონ. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუმცა არა მხოლოდ - არსებობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები. ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი, რათა ბოლომდე დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს პირობები, რეკომენდაციები არსად წავა. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ გჭირდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და სტრუქტურებიდან. ამიტომ, ეს ჩვენ გვჭირდება. ეს ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.


