
ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
22/11/2019 12:16:35 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა და მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.
ოქრუაშვილის თანაპარტიელის გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ მისცეს.
"როგორც გავარკვიე, გურამ დონაძემ და ზურაბ ბაქრაძემ ორი დღის წინ ჩვენება მისცეს. სანაცვლოდ, ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ და თავისუფლებაზე გამოვლენ. ასეთ თავისუფლებას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ჩვენების შინაარსი ასეთია - გამიშვით სახლში და მოვაწერ ხელს, თუკი, დამავალებთ რამეს", - განაცხადა ჩალაგაშვილმა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია მან ოქრუაშვილის ადვოკატისგან მიიღო, რომელსაც საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცა.
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ადასტურებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა ორმა პირმა მისცა.
პროკურორი არ აკონკრეტებს მათ ვინაობას და აცხადებს, რომ მათი ჩვენებები ბოლო რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.
„ამ ეტაპზე, მსჯავრდებულმა რიგმა პირებმა გადაწყვიტეს თანამშრომლობა და მოგვმართეს განცხადებით. კერძოდ, ორმა მათგანმა მოგვცა რეალური ჩვენება, რაც დასაფასებელია. პირდაპირი ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილზე დევნის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვიპოვეთ, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილს ამხელენ დანაშაულის ჩადენაში. ოქრუაშვილი წინა საქმეზე, სადაც განაჩენი დადგა, ამბობდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გაიგო მეორე დილით, სადღეღამისო კრეფსებით. ჩვენ კი, მოპოვებული მტკიცებულებებით, დავადასტურეთ, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მისი მობილური ტელეფონიდან მას დარეკილი აქვს შემთხვევის ადგილზე მყოფი მაღალჩინოსნებისთვის. ეს მაღალჩინოსნები არიან გასამართლებული ხუთი პირიდან ორნი. შესაბამისად, მისი სატელეფონო ზარის შემდგომ გაყალბდა შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებები და წარმოჩინდა ვითარება ისე, როგორც წარმოჩინდა“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს. დღეს მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.
წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.