
ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა
22/11/2019 13:03:15 კონფლიქტები, თვალსაზრისი, ანალიზი
უკვე მერამდენე დღეა, ცხინვალი ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების გამო ერთგვარად თავის მართლების რეჟიმშია. „ვაჟა ექიმის ფენომენმა“ დე ფაქტო ხელისუფლება იმდენად დააბნია, რომ ისიც და მის კვალდაკვალ ოსური მედიაც ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებსა და პოზიციებს აფიქსირებენ.
კერძოდ, დე ფაქტო დეპუტატმა ალექსანდრე ფილიევმა დღეს მოსკოვში ყოფნისას გაფრინდაშვილის დაპატიმრების მიზეზების შესახებ ახალი ვერსია გააჟღერა – „სასამართლო პროცესზე მისი განცხადებების გამო მოსამართლემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავიო“, და აქვე ისიც დასძინა, „დაკავების მომენტში გაფრინდაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდაო“.
მანამდე გაფრინდაშვილის „სიმთვრალის“ ამბავი ცხინვალში არავის უხსენებია, ისევე, როგორც „მოსამართლის მიერ თავის შეურაცხყოფილად მიჩნევის“ ამბავი (საუბარია არა მოსამართლის შეურაცხყოფაზე, არამედ იმაზე, რომ თავად მოსამართლემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად გაფრინდაშვილის მიერ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ე.წ. სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, დე ფაქტო ხელისუფლების არალეგიტიმურობისა და დე ფაქტო საზღვრის არარსებობის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო).
ფილიევმა დღეს ისიც თქვა, „გაფრინდაშვილი პირადი მიზნებით გადმოვიდაო", თუმცა რა მიზნებზე იყო საუბარი – არ დაუკონკრეტებია.
მიზნები დღეს ვერც დე ფაქტო ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ დააკონკრეტა, - ერთადერთი, რაც ცხინვალისთვის „ცხადია“, ისაა, რომ ქართული მხარის მტკიცება, გაფრინდაშვილი პაციენტის დასახმარებლად მოდიოდა, "აბსურდიაო“:
„ალბათ, აზრი არ აქვს ქართული მხარისთვის და მისი ამერიკელი კოლეგებისთვის იმის ახსნას, რომ შეუძლებელია, ექიმი ვაჟა თბილისიდან სამხრეთ ოსეთში პაციენტთან ისე, უბრალოდ წამოსულიყო, – თუ, რა თქმა უნდა, იგი ჩუკოვსკის ზღაპარ „აიბოლიტის“ გმირი არ არის, რომელსაც შეეძლო, ერთ დაძახილზე მგელზე ამხედრებული გამგზავრებულიყო პაციენტთან აფრიკაში".
მანამდე გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ერთდღიანი პაუზით 2 განცხადება გაავრცელა, რომელთა შინაარსიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. პირველ განცხადებაში აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ „გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ექიმის რანგში“, რაც მოგვიანებით ქართველი ექიმის ოჯახმაც, კოლეგებმაც და სუს–მაც უარყვეს. მეორე განცხადებაში კი აქცენტი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ წინასაარჩევნო გამწვავებაზე კეთდებოდა და გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ გაფრინდაშვილი „ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური ქულების მისაწერად გამოიყენეს“.
პარალელურ რეჟიმში ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურ რეჟიმში იბეჭდება ერთდროულად რამდენიმე სტატია და თითქმის ყველა მათგანი ერთგვარად თავის მართლების ელემენტებს შეიცავს.
„20 ნოემბერს თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტის ნათესავებმა პატივცემული ქართველი ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი ცემეს. [...] ხანდაზმულ ექიმს არაფერი დაურღვევია, არ გადაუკვეთავს სხვა ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი და მრავალწიანი კარიერის განმავლობაში საქართველოს არაერთი მოქალაქე გადაარჩინა. თუმცა ახლა ამას ისევე არ აქვს მნიშვნელობა, როგორც იმ შემთხევაში, ის რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი ყოფილიყო... მესაზღვრეს, რომელმაც 9 ნოემბერს ასევე ძალზე პატივცემული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა, წარმოდგენა არ ჰქონდა მის რეგალიებსა და მედიკოსის მიერ ჩატარებული ოპერაციების რაოდენობაზე. ის უბრალოდ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და დააკავა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი. ამასთან, განსაკუთრებით არის ხაზგასასმელი, რომ მესაზღვრე კორექტულად იქცეოდა, ხანდაზმული მამაკაცი საგუშაგოსთან გადაიყვანა და ნათესავებთან დარეკვის შესაძლებლობაც მისცა. გაფრინდაშვილის შემდგომი ბედით საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები დაკავდნენ, რადგან ექიმს არც თავად უარყვია, რომ განზრახ გადაკვეთა საზღვარი, რომელსაც ასეთად არ აღიარებს და რომლის არსებობის არ სჯერა. [...] რა მიზნით მოდიოდა გაფრინდაშვილი, ამ დრომდე გაურკვეველია, თუმცა ფაქტია, რომ იგი დაპატიმრებისთვის მზად იყო, რადგან მანქანა, რომლითაც საზღვრამდე იმგზავრა, თანმხლებ პირთან ერთად უკან გაუშვა. [...] მსგავსი ავანტიურიზმი ჩვენი ნაცნობი დავით ქაცარავასთვისაა დამახასიათებელი, რომელიც მეთოდურად იშენებს კარიერას „ოკუპაციასთან ბრძოლისა“ და „ბორდერიზაციის“ თემების საფუძველზე. თუმცა არც ჩვენი კეთილი ექიმია მოკლებული ავანტიურიზმს: ქართულ სამედიცინო წრეებში მას იმპულსურ, ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებად ადამიანად ახასიათებენ. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მაშინვე გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების ინციდენტს ჩაეჭიდნენ იმ ფონზე, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე ანტიოსური და ანტირუსული პროპაგანდა გააჩაღა და ამ კონტექსტში პრეტენზიებს აჟღერებს ხელისუფლების მიმართ, მაგალითად, ე.წ. წნელისის საკითხის გადაწყვეტის უუნარობის გამო. ამის ფარგლებში გამოიყენება ნებისმიერი რეზონანსული ფაქტი, რომელთა შორისაა გაფრინდაშვილის დაკავებაც [...]. შეიძლება, ითქვას, რომ კეთილი ექიმი ზღვარგადასული პროპაგანდის მსხვერპლად იქცა, წამოეგო რა ისტერიულ მოწოდებებს, როგორიცაა, მაგალითად, „ვინ, თუ არა შენ?“, – წერს, მაგალითად, ვადიმ ფილიევი სტატიაში სახელწოდებით „გადაარჩინო კაპიტანი გაფრინდაშვილი“.
თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თვლის, რომ ცხინვალი თავის მართლების მიზნით მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული.
„ოსურ მხარეს მივმართავ: აი, მეტი საქმე რომ არ გაქვთ და მტრის ხატებს იქმნით, ეგაა. ყოველდღე შეიძლება, დაწეროთ გაფრინდაშვილზე? რატომ იმართლებთ ამდენს თავს? თუ ვაჭრობთ? რა გინდათ, იქნებ, ბოლოს და ბოლოს თქვათ? აქ ნებისმიერი, ვინც ეთანხმება, იტყვის, რომ თანახმაა, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, - და რა? ამის გამო რომ ხალხს ციხეში არ უშვებთ, ფაქტია. რატომ იბანძებთ ასე თავს? მაგრამ მე რა შეგაგონოთ - მესამე წელია, რისთვის მებრძვით, ვერ გაგიგიათ“, – წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.
ამასთან, იგი მწუხარებით აღნიშნავს, რომ წნელისის მიდამოებში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნის შემდეგ ოსური მხარის მიერ დე ფაქტო საზღვარზე გადასასვლელების ჩაკეტვის გამო უკვე ორ თვეზე მეტია, ფაქტობრივ ტყვეობაში მყოფი ახალგორელების ბედი არც ცხინვალს ახსოვს, არც თბილისს:
„რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, ან რა გარანტიებით გაბედა ქართულმა მხარემ წნელისში პოსტის დადგმა, საინტერესოა? ოსურმა მხარემ რომ თვალი დახუჭა, ვიდრე მუშაობდა იქ ქართული მხარე, - ფაქტია. და ამის გამო ჩვენი რაიონის ასობით მცხოვრები მძევლებად იქცა. ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაშია აქ ხალხი. არავინ ჩვენი მომკითხავი არაა - არც ოსური, არც ქართული ხელისუფლება“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021