მოსამართლემ სააკაშვილთან სამედიცინო მისიის ექიმების შესვლაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
03/07/2023 13:20:26 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალოს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის ეგიდით შემნილი სამედიცინო მისიის ექიმების დაშვება და ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში.
„მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება კლინიკა „ვივამედში“, მიუხედავად იმისა, რომ გასულია წელიწადზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თვალსაზრისით არ გვაქვს პროგრესი და სააკაშვილთან საერთაშორისო სამედიცინო მისიის დაუშვებლობით, საფრთხე ექმნება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოსამართლეებს ზომების მიღებას, რათა გაიცეს დავალება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელზე", – განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ჩვენ რომ შევიდეთ სამართლებრივად ამ მსჯელობაში სასამართლოს პოზიცია ისაა, რომ უფრო მეტი არგუმენტაციაა საჭირო ამ საკითხთან მიმართებით", განმარტა მოსამართლემ.
მიხეილ სააკაშვილი "7 ნოემბრის საქმეზე" ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
სასჯელი თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„7 ნოემბრის საქმეზე“ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი.


