პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
03/07/2023 13:47:35 პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცვლილებებით წესრიგდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები. კერძოდ, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან, მის დაფინანსებასთან, მისი ხელმძღვანელი ორგანოების დაკომპლექტებასა და ამ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. აღმოიფხვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ მოწყობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი ცალკეული საკანონმდებლო ნორმების შინაარსობრივი ხარვეზები.
კანონპროექტის თანახმად, 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე. პროექტით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებების არანაკლებ 10%-ის ოდენობით, ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით მიმართოს. ასევე, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.


