
ზელენსკიმ ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატო–ში მიიწვიოს
04/07/2023 06:03:30 მსოფლიო
ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატო–ში მიიწვიოს.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები და მან უკრაინა ახლა უნდა მიიწვიოს.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატო–ში უკრაინის მიღებას და მისგან მიწვევა იქნებოდა უდიდესი სტიმული უკრაინელი ჯარისკაცებისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან თქვა, ესმის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა ნატო–ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ "მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები".
ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკიც, განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს. ნატო–ს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ვილნიუსის სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა.
ნატო გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით იღებს.