კობახიძე: მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია
04/07/2023 07:23:08 პოლიტიკა
მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია - პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დეკემბერში უნდა მიიღოს, პოლიტიკურია.
"იმედი მაქვს პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის - როგორც მოყვრისთვის, ისე არა მოყვრისთვის. რაც შეეხება იმას, პოლიტიკური იქნება თუ არა გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში მიიღებენ, რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით პოლიტიკურია. ბუნებრივია, თავიდან ევროკომისიის დეტალური ანგარიში იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში


