კობახიძე: ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან, გვეუბნებიან, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო
04/07/2023 08:13:28 პოლიტიკა
ევროკომისიიდან კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო. ამაზე ჩვენი პასუხია, მაშინ აუხსენით ხალხს მათი განცხადებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან და ევროპარლამენტის მიმართ უფატივისმცემლობას ვერ გამოხატავენ.
„საუბარია ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებზე და იმაზე, დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი – ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი. დახურული შეხვედრაა, ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ ვერ იტყვიან ამას, რადგან ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებ უპატივისმცემლობას. გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


