Accentnews.ge
რას წერს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო პრესა

რას წერს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო პრესა

04/07/2023 11:41:03 პოლიტიკა

საერთაშორისო პრესა 3 ივლისის სასამართლო პროცესზე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ფაქტს ეხმიანება. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ტელევიზიით, დაუძლურებული და გამოფიტული, რამაც შეშფოთება გამოიწვია დაკავებული პოლიტიკოსისადმი მოპყრობის გამო. 55 წლის ადამიანი ძნელად საცნობი იყო და საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა", - წერს The Guardian.

Al Jazeera სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წერს, რომ "პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი გამოფიტულია".

გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა მაისური აიწია, რათა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი ეჩვენებინა.

AP იტყობინება, რომ "გამოფიტულმა და პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ სულიერად მხნედ არის".

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებას ეხმიანება Politico.

"უკრაინა საქართველოს ელჩს სამშობლოში აგზავნის იმ გაფრთხილების ფონზე, რომ შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს", წერს გამოცემა.

Politico ციტირებს ზელენკის განცხადებას, რომლის თანახმად, " რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს".

უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურებაზე წერს, მათ შორის The Washington Post. "ზელენსკი რუსეთს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში ადანაშაულებს", - წერს გამოცემა.

The New York Times აღნიშნავს, რომ "მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოჩენამ განაახლა სერიოზული შეშფოთება, რომელსაც მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველი ჯგუფები და ევროპელი ლიდერები გამოთქვამენ ჯანმრთელობისა და ციხეში მოპყრობის შესახებ".

გარდა ამისა, The Times–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, "დაუძლურებული ექს–პრეზიდენტი საქართველოს ციხეში". გამოცემა წერს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, მოლაპარაკებებისთვის ელჩი თბილისში გამოაგზავნოს. როგორც The Times აღნიშნავს, ვიდეოჩართვაში სააკაშვილს უჩანდა ნეკნები და "დაუძლურებულად და სუსტად" გამოიყურებოდა.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება სთხოვა:

"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება".

ცნობისთვის: რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მან ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის, დებატების საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს".

პროცესზე მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისიდან იგი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

2023 წლის 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განუცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S