Accentnews.ge
გიგიაძე – ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: „ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე"

გიგიაძე – ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: „ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე"

04/07/2023 12:36:46 პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი გადაწყვეტილება ქართველ ელჩთან დაკავშირებით "პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯია". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

გიგიაძე გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე კიევმა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები სრულად გაწყვიტოს, თუმცა არ გამორიცხავს დიპურთიერთობების "ძალიან მნიშვნელოვან დაწევას".

"ეს [ზელენსკის გადაწყვეტილეება] არის ერთი ნაბიჯი ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად უსიამოვნო განვითარება, თუმცა რეალურად ასახავს ურთიერთობების იმ ყველაზე დაბალ დონეს, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის ახლა არსებობს. თქვენი იცით, რომ უკრაინას გასული წლის დაახლოებით მარტიდან არ ჰყავს საქართველოში ელჩი და ჩვენ თუ მივიღებთ ისეთ რეალობას, რომ ჩვენი ელჩიც დატოვებს უკრაინას, ეს ორ ქვეყანას შორის დიპურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი დაწევა იქნება. ელჩის დონეზე აღარ იქნება დიპურთიერთობები. მე გამოვრიცხავ ამ ეტაპზე დიპურთიერთობების შეწყვეტას, ვინაიდან, რასაკვირველია, უკრაინელები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების გარდა, არის ქართველი ხალხი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ცალსახად მხარს უჭერს უკრაინას ამ უსამართლო ომში", – განაცხადა გიგიაძემ.

მისივე თქმით, თუ უკრაინა –საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდება, ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

"ეს ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ვინაიდან, ამ რეალობაში საქართველო უნდა იყოს ყველაზე ახლოს უკრაინასთან", – დასძინა გიგიაძემ.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი დაიბაროს, გამოუცხადოს მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზოს.

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის დისტანციურ ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S